კახა კალაძე ტაქსის მძღოლების დღევანდელ მიმართავაზე - ვინც ამ განცხადებას აკეთებენ, საერთოდ არ ვიცი რას წარმოადგენენ - ტაქსების შესახებ რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება

ის პრობლემები, რაც აწუხებდათ ტაქსის მძღოლებს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და ტაქსების შესახებ რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დასმულ შეკითხვას, შეიცვლებოდა თუ არა ტაქსების შესახებ რეგულაციები 2021 წლის დეკემბრამდე. კალაძის აზრით, ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც ტაქსების რეგულაციების შეცვლას ითხოვენ, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.

"ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები საინიციატოვო ჯგუფთან. ისინი, ვინც ამ განცხადებას აკეთებენ, საერთოდ არ ვიცი რას წარმოადგენენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. თვითონ ტაქსის მძღოლებს რაც შეეხება, მათ აქვთ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია და ზუსტად მათი მოთხოვნების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ცვლილებები, რომელიც იქნა გაჟღერებული. მაგალითად, დავუშვით მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, „ბ“ კატეგორიასაც მივეცით ამის შესაძლებლობა, თუმცა ესეც დროში ჩავკეტეთ, 2021 წლამდე აქვთ მათ ამის შესაძლებლობა. ამის შემდეგ უკვე მოუწევთ ავტომობილის შეცვლა. გარდა ამისა, ვინც ვერ იღებდა ვაუჩერს, ვინც 10 ოქტომბრის შემდეგ იყო დარეგისტრირებული, მათაც მივეცით შესაძლებლობა და მივცეთ როგორც ქიმწმენდის, ასევე ღებვის და გადაკვრის ვაუჩერი, ანუ ყველანაირი მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული. ის პრობლემები, რაც აწუხებდათ ამ ადამიანებს, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და ტაქსების შესახებ რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება და ამ რეფორმით, ჩვენ ყველა ერთად ვიამაყებთ", - განაცადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ტაქსის მძღოლების სახელით ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა დღეს დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა. „ 1-ელ ივნისამდე გაძლევთ ვადას, რათა გვაცნობოთ, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე“, - მიმართა ტაქსის მძღოლმა კალაძეს. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლები დღეიდან იწყებენ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა "ამ ბრძოლაში არ იყვნენ მარტო".