ჩვენ შევძელით სწორედ ის, რომ რეგიონში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, ლარი გავხადეთ ნაკლებად მოწყვლადი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ლარის კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა ის პარამეტრი, რაზეც ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეა დამოკიდებული, პოზიტიურად მიმდინარეობს.
„ბუნებრივია, ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ბიზნესსაქმიანობა დაგეგმოს შესაბამისად. ნებისმიერი ბიზნესი სხვადასხვა ორიენტირით სარგებლობს, მათ შორის, როგორიც არის საშუალო წლიური ლარის კურსი ან ნებისმიერი სხვა პარამეტრი. რა თქმა უნდა, ბიზნესის არგუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ბიზნესგეგმა არ კეთდება 3 დღეზე. თუ ვიღაცის არგუმენტია ის, რომ 3-4 დღით ხელმძღვანელობს 1 წლიანი ბიუჯეტის და რამდენიმეწლიანი სტრატეგიის დაგეგმვისას, მე მგონი, ალბათ, არასწორად გავიგეთ. საქართველოს მთავარი პრობლემა არის იმპორტზე დამოკიდებულება და ჩვენი მცირე ზომა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ შევძლოთ ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს დეფიციტი შევამციროთ. ჩვენ უახლეს ისტორიაში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეძლო და 3 წლის განმავლობაში დეფიციტი შეამცირა 2-ჯერ. ჩვენ შევძელით სწორედ ის, რომ რეგიონში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, ლარი გავხადეთ ნაკლებად მოწყვლადი. ბუნებრივია, ჩვენი მეზობლების ეკონომიკაში არსებული სიტუაცია გავლენას ახდენს ჩვენს შიდა ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ისე დავიგეგმოთ, რომ ეს გავლენა არ იყოს ნეგატიური.
ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი. ყველა ის პარამეტრი, რაზეც ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღეა დამოკიდებული - ექსპორტის ზრდა, მომსახურების სფერო, ტურიზმი, იმპორტის ჩანაცვლების გეგმა - მიმდინარეობს პოზიტიურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტი არის მყარი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამ თემაზე საუბრისას პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემები დოლარიზაციის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე იყო შექმნილი, თუმცა მისი თქმით, ლარიზაციის პროგრამა მდგომარეობას გამოასწორებს.
„როგორც თითოეული ჩვენგანი სახლიდან გამოსვლამდე ფანჯარაში იყურება იმის სანახავად, როგორი ამინდია და ჩაიცვას თუ არა ქურთუკი, ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე მიყურადებული. ეს გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იმიტომ, რომ ეკონომიკაში დოლარიზაციის ხარისხი იყო ძალიან მაღალი.
მეტსაც გეტყვით, დღეს ბაზარზე ახალი საბანკო პროდუქტი გაჩნდა. ეს არის იპოთეკური სესხი 8%-ზე ნაკლებად ლარში. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი წინ იმითვის, რომ ქვეყანაში ნორმალური საკრედიტო პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, სადაც ეროვნული ვალუტა არის განმსაზღვრელი და დომინანტი. ადამიანი სესხს რომ აიღებს და მისი საპროცენტო ხარჯი 100 ლარია, მას განცდა ექნება, რომ ეს ოდენობა სულ იქნება 100 ლარი და არა 130 ან 138. ეს არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა, რომელსაც დრო სჭირდება, რომ დაინერგოს და დაკორექტირდეს,“ - განაცხადა პრემიერმა.