ეროვნული ბანკის ქმედება და პოზიცია, რომ მოხდეს ინფლაციის თარგეთირება, რომელსაც საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს, გამართლებულია არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური და ბიზნესიდან, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდანაც,-ასე ეხმაურება საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, პროფესორ ლადო პაპავას განცხადებას, რომ „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე უარი უნდა თქვას“.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი წარმატებით ართმევს თავს ინფლაციის თარგეთირებას და ეს გამართლებული მიდგომაა. ამასთან, ძნელაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სებ-ის ძირითადი ფუნქცია ფასების დონის სტაბილურობის მიღწევა.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციაა ინფლაციის მართვა და ინფლაციის თარგეთირება. რეალურად ლარიზაციის პროექტიც იყო აქედან გამომდინარე. დედოლარიზაციის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის, რომ თარგეთირებული ინფლაციის შემთხვევაში არ წარმოიშვება სავალუტო რისკები ქვეყნის შიგნით, ანუ დევალვაცია პირდაპირ კორელაციაში არ იქნება, რომ რისკი წარმოეშვება როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს,"-განაცხადა ძნელაძემ.
შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში პროფესორი ლადო პაპავა დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების პროცესებსა და მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შაბლონურ მონეტარულ პოლიტიკაზე უარი თქვას.