როგორც ყოველდღე, თითოეული ჩვენგანი ფანჯარაში გავიხედავთ, ვიდრე გამოვალთ, წვიმს თუ როგორი ამინდია, რომ იმის მიხედვით ქურთუკი ჩავიცვათ ან არა - ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე მიყურადებული, რომ ვნახოთ რა არის ვალუტის კურსი.
ეს გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, დღეს ქვეყანა ებრძვის იმ შედეგებს, რომელიც უპასუხისმგებლო დაკრედიტების შედეგად მივიღეთ, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფო ეკონომიკა და მთელი საკრედიტო პოლიტიკა მიმართული იყო იმისკენ, რომ უცხო ვალუტაში მომხდარიყო სესხების გაცემა.
„ჩვენ შევაჩერეთ ეს პროცესი და დაიწყო ლარიზაცია. შესაბამისად, ლარიზაციის პროცესის შემდეგ ეს პრობლემა სისტემურად იქნება მოხსნილი. როგორც ყოველდღე, ალბათ, თითოეული ჩვენთაგანი ფანჯარაში გავიხედავთ, ვიდრე გამოვალთ, რომ წვიმს თუ როგორი ამინდია, იმის მიხედვით ქურთუკი ან არ ჩავიცვათ, ასე ვართ ყველანი ვალუტის კურსზე მიყურადებული, რომ ვნახოთ რა არის ვალუტის კურსი. ეს გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკაში დოლარის წილი იყო ძალიან მაღალი. ასეთი დღეები მომავალშიც გაგრძელდება თუ გადაწყვეტილება (ლარიზაცია) ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ეს არის გადაწყვეტილების სისტემური მიდგომა. რაც შეეხება მოკლევადიან მიდგომას, ამისთვის სხვა მექანიზმები არსებობს და სხვა მიდგომები.
მე უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს გაჩნდა ახალი პროდუქტი ბაზარზე და ეს არის იპოთეკური სესხი, რომელიც 8 %-ზე ნაკლებია ლარში. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი წინ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკა, სადაც ეროვნული ვალუტა იქნება განმსაზღვრელი და დომინანტი. სადაც ადამიანი თუ აიღებს სესხს და მისი საპროცენტო ხარჯი იქნება 100 ლარი, მას ექნება განცდა, რომ დარჩება სულ 100 ლარად. ეს არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო, რომ დაინერგოს და დაკორექტირდეს“,-აცხადებს მამუკა ბახტაძე.