ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, 23 მაისს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ბრიტანულმა კომპანია „როიალ ჰასკონინგმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ეგრეთ წოდებული „ზურმუხტის ქსელის“ შესაბამისობის ანგარიშის /Appropriate Assessment განხილვა მოეწყო.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი თანამდევი კომპონენტი პროექტის გარემოსთან შესაბამისობის ანგარიშია.

დოკუმენტის შემუშავება ევროპული ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციისა და „ზურმუხტის ქსელის“ მოთხოვნების შესაბამისად მოხდა. გაერთიანებულ შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ გარემოსთან შესაბამისობის ანგარიშის შემუშავება ევროპული ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციისა და „ზურმუხტის ქსელის“ მოთხოვნების შესაბამისად მოხდა. ზურმუხტის ქსელის განვითარებას თითოეულ მხარე ქვეყანას ბერნის კონვენცია ავალდებულებს, რადგან ამავე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. მხარეებმა და გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა დოკუმენტის სხვადასხვა კომპონენტი განიხილეს და მიმდინარე პროცესი დადებითად შეაფასეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე საერთაშორისო პარტნიორებთან „როიალ ჰასკონინგის“, „Hatch“-ის და „ეკოლაინის“ ექსპერტებთან ერთად ორი წელია მუშაობს და უახლოეს პერიოდში ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყობა.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მომზადებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მასში დაცულია ყველა გარემოსდაცვითი კონვენციის მოთხოვნა და შესაბამისად, იმედი გვაქვს, ის მოწონებული იქნება როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ისე საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის რეგიონულმა დირექტორმა ანზორ მანწკავამ.