“ევროპული საქართველო“ სამხედრო მოსამსახურეების კომპენსაციასთან და მათ საპენსიო ასაკთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.
დეპუტატებმა ირაკლი აბესაძემ და თენგიზ გუნავამ პარლამენტს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, იმ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვილ პირთა მდგომარეობა, რომლებიც პენსიაში 65 წლის ასაკის მიღწევამდე გავლენ, იგივე პირთა მდგომარეობას უთანაბრდება, რომლებსაც პენსია 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დაენიშნებათ.
პროექტით ასაკობრივ ზღვარზე - 65 წელზე მითითება უქმდება. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეები კომპენსაციას მათი ასაკის მიუხედავად მიიღებენ.
მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ პენსიის ოდენობას დამატებული ნამსახურების წლების 2, 5, 10 და 15 ლარზე ნამრავლი თავიანთი წოდებების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირს კომპენსაცია 65 წლის ასაკამდე ენიშნება, მაშინ იგი იღებს პენსიას დამატებული კომპენსაციის 80%-ს.
“ევროპული საქართველოს“ წევრების საკანონმდებლო ინიციატივით კი, თუ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია 65 წლამდე ასაკის მიღწევამდე დაენიშნებათ, ისინი ამ კომპენსაციის 80%-ის ნაცვლად, თანხის 100%-ს მიიღებენ.