ფინანსთა მინისტრი 26 მაისის ღონისძიებებზე - პირდაპირი შესყიდვა, ისევე როგორც ტენდერი, არის გამჭვირვალე და კანონიერი გზა

კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია 26 მაისი. შესყიდვის წესზე საერთოდ არარელევანტურია საუბარი, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურალისტების კითხვას იმის თაობაზე, 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის რატომ არ გამოცხადდა ტენდერი და რატომ მოხდა პირდაპირი შესყიდვა.

მაჭავარიანის განმარტებით, პირდაპირი შესყიდვა, ისევე როგორც ტენდერი, არის გამჭვირვალე და კანონიერი გზა.

„მე მგონი, არასწორი წარმოდგენა გვაქვს, რა არის პირდაპირი შეწყიდვა. პირდაპირი შესყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ მიდიან და ერთ ადამიანთან აკეთებენ მოლაპარაკებას. მას წინ უძღვის ფასების კვლევა. ეს ერთ-ერთი დაშვებული და კანონიერი გზაა. ზოგ შემთხვევაში ამ გზით წასვლა ხდება, როდესაც ფასების კვოტირებას აკეთებენ და შედარებით სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება. ზოგ შემთხვევაში კი ხდება ტენდერის გზით წასვლა. ორივე არის კანონიერი, გამჭვირვალე და სწორი გზა. ზოგჯერ ასე ხდება, ზოგჯერ - ისე. ის, რომ თითოეული უწყება ცდილობს, ამ პერიოდში რაღაცა გამორჩეული გააკეთოს და ნამდვილი სახალხო ზეიმი მოაწყოს, ეს არის სწორი სიგნალი. კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია. შესაბამისად, შესყიდვის წესზე საერთოდ არარელევანტურია საუბარი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.