ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის, იგივე პარიზის რეგიონის დელეგაცია მიიღო. დელეგაციას რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილმა, რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა შეხვედრაზე თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები განიხილეს.
უწყების ცნობით, მუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში, მხარეებმა ისაუბრეს ურბანული დაგეგმარებისა და კურორტების განვითარების საკითხებზე. თანამშრომლობის სურვილი ასევე გამოითქვა ინვესტიციების მოზიდვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და პროფესიული განათლების მიმართულებებით.