დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ბრიტანულმა კომპანია „როიალ ჰასკონინგმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
როგორც კონსორციუმში განამრტავენ, შეხვედრაზე ეგრეთ წოდებული „ზურმუხტის ქსელის“ შესაბამისობის ანგარიშის /Appropriate Assessment განხილვა მოეწყო.
როგორც, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში “ აცხადებენ, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი თანამდევი კომპონენტი პროექტის გარემოსთან შესაბამისობის ანგარიშია.
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მომზადებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მასში დაცულია ყველა გარემოსდაცვითი კონვენციის მოთხოვნა და შესაბამისად, იმედი გვაქვს, ის მოწონებული იქნება როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ისე საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონულმა დირექტორმა ანზორ მანწკავამ.
ამასთან, კონსორციუმის განმარტებით, დოკუმენტის შემუშავება ევროპული ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციისა და „ზურმუხტის ქსელის“ მოთხოვნების შესაბამისად მოხდა.
„გაერთიანებულ შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ გარემოსთან შესაბამისობის ანგარიშის შემუშავება ევროპული ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციისა და „ზურმუხტის ქსელის“ მოთხოვნების შესაბამისად მოხდა. ზურმუხტის ქსელის განვითარებას თითოეულ მხარე ქვეყანას ბერნის კონვენცია ავალდებულებს, რადგან ამავე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. მხარეებმა და გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა დოკუმენტის სხვადასხვა კომპონენტი განიხილეს და მიმდინარე პროცესი დადებითად შეაფასეს,“-აცხადებენ კონსორციუმში.
ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე საერთაშორისო პარტნიორებთან „როიალ ჰასკონინგის“, „Hatch“-ის და „ეკოლაინის“ ექსპერტებთან ერთად ორი წელია მუშაობს და უახლოეს პერიოდში ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყობა.