საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“ თბილისში , საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. პრემიერის თქმით, მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას 2020 წლისთვის გაზრდის.

"ღრმად მწამს , რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. სხვანაირად, მხოლოდ ადმინისტრაციული გზით, ის არ მოიტანს, რაც გვინდა მივიღოთ. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდობაში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები,”- განაცხადა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების ჩართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის დამკვიდრება და არსებული ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლება აგრარული სექტორის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ახალი ცოდნით და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება კი რეგიონის გაძლიერებისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სწორედ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს, ადგილობრივ ფერმერებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს სთავაზობს საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესაძლებლობებს, აგრარულ საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის სახელმძღვანელოებს, აგრო-ბიბლიოთეკას, მობილური აპლიკაციას „აგრონავტი“ და კემბრიჯის დისტანციურ პროგრამებს.

„ შეხვედრისას ფერმერების გამოწვევები ძირითადად ეხებოდა განათლებას, პროფესიულ სწავლებას და მოკლევადიან ტრენინგებს. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა იყო. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდა ფერმერებს ქონება არ გააჩინიათ და ძირითადად მათი დაკრედიტება ძალიან რთულად ხდება. მესამე სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინფრასტრუქტურა. დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის. იქიდან გამომდინარე , რომ ფერმერებს აქვთ ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ უჭირთ სტუმრების მიღება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს , როგორიც არის ბიოწარმოება, ლაბორატორიების არ არსებობა ქვეყანაში და ექსპორტის ხელშეწყობა. ექსპორტის ხელშეწყობის ნაწილში პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნა რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და 500 მილიონიანი ბაზარი არის ჩვენი ფერმერებისთვის გახსნილი. უდიდესი ჩინეთის ბაზარი გაიხსნა, მაგრამ გამოწვევები არის ის, რომ პროდუქტი ხარისხიანი იყოს და ფერმერებმა რაოდენობრივად აწარმოონ და გაიტანონ . მივიღეთ დაპირებები , რომ ის პრობლემები რაც ფერმერებს აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტებით მოგვარდება . დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა, რომ ყველა ფერმერს დაესვა შეკითხვა. თუმცა მომდევნო კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით მოხდება შეხვედრა და ფერმერებს მიეცემათ საშუალება დასვან ყველა ის კითხვა, რისი დასმაც ვერ მოასწრეს დღევანდელ შეხვედრისას,“-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნი ლევან დავითაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბ-ნი მიხეილ ბატიაშვილი

ღონისძიების ფარგლებში,გაიმართა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა - წარმოების ტექნოლოგია“ პრეზენტაცია. წიგნის შემუშავება და დაბეჭდვა განხორციელდა ფონდის "კონსტანტა“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.