სუს-ის ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს კონდუქტორად დანიშვნისთვის 700 ლარი გამოართვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.