საათობრივი პარკირების გადახდისგან ზონაში მცხოვრები პირი მხოლოდ ორი ავტომობილის შემთხვევაში გათავისუფლდება

საათობრივი პარკირების გადახდისგან პარკირების ზონაში მცხოვრები პირი მხოლოდ ორი ავტომობილის შემთხვევაში გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე 1-ლი ივლისიდან დაწესდება. საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ პირებს, ვინც საათობრივი პარკირების ზონაში ცხოვრობენ, სახლის მიმდებარედ პარკირებულ ავტომობილებზე საფასურის გადახდა არ მოუწევთ. ამასთან, ავტომფლობელს დღის განმავლობაში 4-ჯერ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ ქუჩებზე 15-15-წუთიანი უფასო პარკირებით ისარგებლოს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი ერთ საკუთრებაზე მხოლოდ ორი ავტომობილის შემთხვევაში ისარგებლებს ამ შეღავათით. კერძოდ, უძრავი ქონების მფლობელი უფლებამოსილი იქნება სისტემაში ორი სატრანსპორტო საშუალების ნომერი შეიყვანოს და აღნიშნული ავტომობილები საცხოვრებლის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს.

გარდა ამისა, როგორც დაანონსებულია, პარკირების საათობრივი გადასახადი არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებსა და შშმ პირების მანქანებს.

ცნობისთვის, ზონალურ/საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც სპეციალური მობილური აპლიკაციით, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული ჩარიცხვის აპარატებით.

თაია არდოტელი