2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში ვიზიტებზე 359.4 მლნ ლარი დახარჯეს, საიდანაც დაახლოებით 26% შოპინგზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, წელს 3 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საყიდლებზე 93 მლნ ლარის ხარჯი გასწიეს. ამავე მონაცემებით, სასმელსა და საკვებზე დანახარჯმა 118,5 მლნ ლარი შეადგინა, განთავსებაზე - 73,8 მლნ ლარი, გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე - 28,2 მლნ ლარი, ადგილობრივ ტრანსპორტზე - 17,4 მლნ ლარი, სხვა ხარჯებმა კი 28,2 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 741.0 ლარს გაუტოლდა.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 677.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 44.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 484.8 ათასი შეადგინა. ვიზიტორების უმრავლესობა, 29.7%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 45.3 პროცენტს შეადგენდა.
2019 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 367.3 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 269.8 ათასი ტურისტული (როდესაც ვიზიტორი ღამეს ათენებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე) და 215.0 ათასი ექსკურსიული ტიპის (როდესაც ვიზიტორი ღამეს არ ათენებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე) ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 58.9 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 36.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.