ბაღდათის მერს არჩილ გოგსაძეს იმპიჩმენტით ემუქრებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი ირაკლი ჩიგოგიძე მერს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაღალჩინოსნების გახშირებულ მივლინებებს აპროტესტებს.
როგორც ირაკლი ჩიგოგიძე აცხადებს, ბაღდათის მერი და სხვა საჯარო მოხელეები მივლინებებში დიდი რაოდენობით თანხებს ხარჯავენ, იმ დროს, როდესაც სოციალურად დაუცველები ერთჯერად დახმარებას ვერ იღებენ.
"ბაღდათელი მაღალჩინოსნები აქტიურად დადიან მივლინებებში, ხარჯავენ ბიუჯეტის თანხებს. ოთხ თვეში დაახლოებით 30 000 ლარზე მეტია დახარჯული. ეს ბაღდათისთვის დიდი თანხაა. სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან, რომ დახმარებას ვერ გასცემენ, რადგან თანხა არ არის. არ არის გამორიცხული, მერის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. იქამდე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოვითხოვთ, რომ მერმა მივლინებების ხარჯები დაასაბუთოს", -განაცხადა ირაკლი ჩიგოგიძემ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აცხადებენ, რომ მსგავს აბსურდზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.