კახა კალაძე - მე არ ვიცი „არკო“, „მარკო“ და „პარკო”, ადგილმონაცვლეობას მერია ტერიტორიის საფასურის მიხედვით აკეთებს

მე არ ვიცი „არკო“, „მარკო“ და „პარკო”, ადგილმონაცვლეობას მერია ტერიტორიის საფასურის მიხედვით აკეთებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, მერიამ შპს „არკოს“ 4000 კვ.მ.-ის სატყეო ფართობის სანაცვლოდ, საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად 37 ათასი კვ.მ. მისცა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ადგილმონაცვლეობისას ტერიტორიების შეფასებას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან აკრედიტებული ბიუროები აკეთებენ.

„მე არ ვიცი ზუსტად „არკო“, „მარკო“ და „პარკო”. გეტყვით იმას, რომ მონაცვლეობა ხდება ძალიან მარტივი სქემით. ხდება შეფასება სამხარაულის მიერ, ან დიდი ოთხეულიდან, ან აკრედიტებული ბიუროებიდან და ფასების მიხედვით ხდება მონაცვლეობა. შეიძლება იყოს 100 კვადრატული მეტრი ვაკეში, რუსთაველზე და პირობითად, მისი ღირებულება 1000 ლარი იყოს, ასევე იყოს 500 კვ.მ. გლდანში და მისი ფასი იყოს გაცილებით ნაკლები. შესაბამისად, შეფასების შემდეგ ხდება ადგილმონაცვლეობა. ხდება ფასით შეფასება და არა კვადრატულობით. ვაკეში 100 კვ.მ.-ს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე გლდანში ან მუხიანში“, - განაცხადა კალაძემ.