„ტაქსის რეფორმა შესაძლოა, ჩავარდეს, თუ მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მძღოლებს ვალდებულებების ნაწილს არ მოუხსნის"

ტაქსის რეფორმა შესაძლოა, ჩავარდეს, თუ მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მძღოლებს ვალდებულებების ნაწილს არ მოუხსნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა განუცხადა.

როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ყველა ვალდებულება, რომელიც ტექინსპექტირების გავლის გარდა ტაქსის მძღოლებს დაევალათ, არის სუფთა ბიზნესგეგმა და მას უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„მერიამ ჩაიდინა უპრეცედენტო რაღაც, როცა რეკლამა გაყიდა სხვის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე. ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება მიყიდა ერთ-ერთ კერძო კომპანიას. პრობლემები სწორედ აქედან იწყება. მერია მძღოლებს აიძულებს მივიდნენ კომპანიასთან. თბილისის მერიამ რიგ შემთხვევაში შესაძლოა, უკან დაიხიოს, მაგრამ იმაზე, რაც უკვე გაყიდა, უკან არ დაიხევს. გადაღებვა იქნება აუცილებელი, თუ რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ყველა ვალდებულება, რომელიც ტექინსპექტირების გავლის გარდა ტაქსის მძღოლებს დაევალათ, არის სუფთა ბიზნესგეგმა და მას უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა მესხიშვილმა.

მესხიშვილის თქმით, ტაქსის მძღოლების უმეტესობას მანქანების თეთრად გადაღებვა არ უნდა და აქვთ გეგმა, როგორ გამოვიდნენ შექმნილი სიტუაციიდან.

„ის, რომ ტაქსმა საერთოდ არ იაროს თბილისში, ასეთი პრობლემა არ შეიქმნება. მძღოლებს აქვთ გეგმები, როგორ შეიძლება გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან ისე, რომ არ გადაღებონ ავტომობილები. ერთი, რომ ისინი ფიქრობენ გახდნენ აპლიკაციის ტაქსები, სადაც ფერის ვალდებულება არ არსებობს. გარდა ამისა, როცა ამბობენ, რომ B კატეგორიის ტაქსს არ ექნება ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება, ამის გამკონტროლებელი ვინ არის? საბჭოთა კავშირის დროს, როცა მკაცრი კონტროლი იყო ყველაფერზე, მაშინაც კი ახერხებდა მძღოლების ნაწილი მომსახურებას, რომლებიც ჩვეულებრივი ავტომობილით „ტაქსაობდნენ“ და გაცილებით იაფად მიჰყავდათ მგზავრები. ეს მომრავლდება, რაც თავისთავად გამოიწვევს რეფორმის ჩავარდნას. ტაქსების რეფორმა უფრო ბიზნესპროექტია, ვიდრე მომხმარებელზე გათვლილი კომფორტის უზრუნველყოფა“, - განაცხადა მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს; გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება და ფლობდეს ლიცენზიას. ამ დროისთვის ლიცენზია თბილისში 27 ათას მძღოლს აქვს აღებული. რაც შეეხება ავტომანქანების თეთრად გადაღებვას, ჯერჯერობით ღებვის ვაუჩერით 100-მდე მძღოლმა ისარგებლა.