პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ბათუმში შრომის უსაფრთხოების კანონში შესული ცვლილებების შესახებ შეხვედრა გამართეს.
2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე (2019 წლის 1 სექტემბრიდან). ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე (2019 წლის 1 სექტემბრიდან). კანონში ასევე დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა მერყეობს 100 ლარიდან 50,000 ლარამდე, დარღვევის ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად.
მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს. კანონით საქართველოს მთავრობას 2019 წლის 1 სექტემბრამდე განესაზღვრა ვადა, იმისათვის რომ პარლამენტს წარმოუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი, ავტონომიური და ეფექტური შრომის ინსპექციის ფუნქციონირებას. კანონი მნიშვნელოვნად ხაზს უსვამს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის როლს და მათთან კონსულტაციების შედეგად ხორციელდება კანონის ფარგლებში მიღებული სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება. შეხვედრაზე განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესს ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა.