ლონდონი, ნიუ-იორკი, ციურიხი - ეს ის ქალაქებია, სადაც დასაქმებულები ყოველთვიურად ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ. Deutsche Bank-ის ექსპერტების მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგში სულ 10 ქალაქი შევიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოს Top-10 ქალაქს, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ.
სან-ფრანცისკო - 6,5 ათასი დოლარი
ექსპერტების დაკვირვებით, თუ გასულ წლებში ყველაზე მაღალხელფასიანი ქალაქების სათავეში ციურიხი იყო, ამჯერად ეს ადგილი სან-ფრანცისკომ დაიკავა. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ქალაქში ცხოვრების დონე აშკარად გაუმჯობესდა და მოსახლეობის შემოსავალიც გაიზარდა.
ციურიხი - 5,9 ათასი დოლარი
მიუხედავად იმისა, რომ წელს ციურიხი მაღალი ცხოვრების დონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს, მაღალანაზღაურებადი ქვეყნების პირველი ადგილიდან მეორე პოზიციაზე გადმოინაცვლა.
ნიუ-იორკი - 4,6 ათასი დოლარი
რეიტინგის შემდგენელი ექსპერტების აზრით, წელს ამერიკული ქალაქები ძალიან კარგ შედეგს აჩვენებენ და ისინი რეიტინგის ყველაზე მაღალ საფეხურებს იკავებენ. ამერიკული ქალაქების წარმატებას კი ბაზარზე დოლარის კურსის ცვლილებებს უკავშირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიუ-იორკი მოსახლეობის შემოსავლის მიხედვითაც ხუთეულში შედის.
ბოსტონი - 4,5 ათასი დოლარი
Deutsche Bank-ის ექსპერტების შედგენილ რეიტინგში, ცხოვრების მაღალი დონის მიხედვით ბოსტონი მერვე ადგილზეა, თუმცა მაღალი ანაზღაურების სიაში ის მეოთხე ადგილს იკავებს.
ჩიკაგო - 4 ათასი დოლარი
ჩიკაგო კიდევ ერთი ამერიკული ქალაქია, რომელიც Deutsche Bank-ის ექსპერტების შედგენილ რეიტინგში წამყვან პოზიციას იკავებს. ექსპერტები აქვე აღნიშნავენ, რომ მეგაპოლისებში ხელფასები სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია, თუმცა ის ადამიანები, ვინც მაღალ თანამდებობას არ იკავებენ, იძულებულნი არიან ხელფასიდან ხელფასამდე ეკონომიურად იცხოვრონ.
სიდნეი - 3,6 ათასი დოლარი
სიდნეი არა მხოლოდ მაღალანაზღაურებადი ქალაქების რეიტინშია, ის ცხოვრების მაღალი დონის ქვეყნებს შორის ათეულში მოხვდა.
ოსლო - 3, 246 ათასი დოლარი
როგორც აღმოჩნდა, წლევანდელ რეიტინგში მაღალი ანაზღაურებისა თუ ცხოვრების მაღალი დონის შესახებ, ევროპულმა ქალაქებმა ქვედა პოზიციებზე გადაინაცვლეს. ექსპერტთა აზრით, ეს შედეგი სავალუტო ბაზარზე არსებულმა ცვლილებებმა გამოიწვია.
კოპენჰაგენი - 3,19 ათასი დოლარი
კოპენჰაგენი მაღალი ხელფასების მიხედვით სიის მერვე ადგილს იკავებს, თუმცა ცხოვრების დონის მიხედვით ის მესამე ადგილზეა. კვლევების მიხედვით, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტურისტული ქალაქია.
მელბურნი - 3,18 ათასი დოლარი
მელბურნში ცხოვრების მაღალ დონესთან ერთად, ხელფასებიც საკმაოდ მაღალია. ასევე ცნობილია, რომ მელბურნში ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო ძალიან ძვირი ღირს.
ლონდონი - 2,9 ათასი დოლარი
ათეულში მოხვდა ლონდონი, სადაც ექსპერტთა მტკიცებით, ცხოვრების მაღალი დონეა. ლონდონი ერთ-ერთ ძვირადღირებულ ტურისტულ ქალაქადაც ითვლება. ამას გარდა, ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაც ძალიან ძვირია.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ