ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი - თუ არ შევცვალეთ კანონმდებლობა,  ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდას უბრალოდ ვერ ავირიდებთ თავიდან

ტარიფების ზრდას ვერანაირად ვერ ავარიდებთ თავს, ქვეყანა რომ ვითარდება, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ეს ბუნებრივია, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩიხრაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ზაზა ჩიხრაძე განმარტავს, ქვეყანაში ფერხდება ჰესების მშენებლობა და არ გვაქვს იაფი ენერგიის წყარო, შესაბამისად მოხმარების ზრდის პირობებში, ტარიფების შესაძლო გაზრდა ბუნებრივია.

„ტარიფების ზრდას ვერანაირად ვერ ავარიდებთ თავს. ქვეყანა რომ ვითარდება, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ეს ბუნებრივია და თუ არ გაქვს იაფი ენერგიის წყარო, მით უმეტეს, ახლაც ჰესების მშენებლობაზე პრობლემებია ,ბევრი მშენებლობა გაჩერებულია. თუ არ გაქვს ენერგია, ბუნებრივია ტარიფი გაიზრდება, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს იაფი ენერგია? ,“-აცხადებს ზაზა ჩიხრაძე.

ამასთან, ჩიხრაძის თქმით, კანონმდებლობის ცვლილება, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია აუცილებელია და ეს ყველასთვის სასარგებლო პროცესია.

„თუ ახლა არ დავიწყეთ ბაზრის გახსნა, ტარიფები, როგორც გითხარით მაინც გაიზრდება, იმიტომ რომ არ იქნება მოქნილი ურთიერთობების საშუალება და ტარიფი გაეზრდება ყველას, მათ შორის მოსახლეობასაც, ანუ რეალურად ყველა ფენას აწყობს ბაზრის გახსნა. უბრალოდ ის სეგმენტი, რომელიც იმ მომენტში მზად არ იქნება, არ გავა თავისუფალ ბაზარზე. საბოლოო პერსპექტივაში, თუ არ შევცვალეთ დღევანდელი კანონმდებლობა, ტარიფების გაზრდას უბრალოდ ვერ ავირიდებთ თავიდან, იმიტომ, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც შემოვა, მოითხოვს სახელმწიფოს გარანტიას, სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვას, რაც თავისთავად გაზრდის ფასს,“-განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ტარიფების შესახებ რთულია და ტარიფების ზრდას მოთხოვნის მატება განსაზღვრავს, ამასთან აღნიშნა, რომ ენგურჰესის სრული სარემონტო სამუსაოების შედეგად, რომელმაც შესაძლოა გარკვეული პერიოდით ჰესის გაჩერება გამოიწვიოს, მნიშვნელოვნად გაიზრდება გამომუშავება.

„სამომავლოდ ტარიფების გაზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოთხოვნის გაზრდაზე, იმიტომ რომ ჯერ ვერ ავამუშავებთ ენგურს სრული მოცულობით. კაპიტალური სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი , ანუ „ენგურჰესის“ გაჩერებაც შეიძლება გახდეს საჭირო, ამ პროცესმა დიდი ხნის განმავლობაში გადაიწია , მაგრამ უკვე აუცილებელი გახდა. თუმცა როდესაც სრულად ჩატარდება სამუშაოები, რამდენიმე ასეული მეგავატით გაიზრდება გამომუშავება.ასე რომ ,სამომავლოდ 2-3 წლიან პრესპექტივაში, როდესაც ბაზრის გახსნა აქტიური იქნება , „ენგურჰესის“ გამომუშავება დააბალანსებს ტარიფების თემას,“-განაცხადა ჩიხლაძემ.