ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში, ტარიელ გიორგაძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ა/რ მთავრობისა და ადგილობრივი ბიზნესის შეხვედრაში.
ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს გაეცნოთ აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და რეგიონში არსებული ბიზნეს გარემო.
ტარიელ გიორგაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარაში ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობაზე და აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ პრობლემურ საკითხებზე.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2018 წლის სექტემბრიდანაა აჭარაში წარმოდგენილი და ამ პერიოდის განმავლობაში 50 საქმეზე ვიმუშავეთ. პრობლემური საკითხების უმრავლესობა მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის სფეროებიდან გვაქვს და ბიუროკრატიის გამო ბიზნესი ყველაზე ხშირად შუამდგომლობას ბათუმის მერიასთან გვთხოვს. რეგიონებში და აჭარაშიც ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხად რჩება სწრაფი გადაწყვეტილებები და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ფინანსებზე ხელმისაწვდომა“, - განაცხადა ტარიელ გიორგაძემ.