ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფი პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და მოუწოდებენ, ნუ ეცდებიან მძღოლების მართვას. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს ყველას, მათი სახელით ნუ ილაპარაკებენ. ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ მერიასთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ და არის კიდევ გარკვეული საკითხები, რომლის გადაწყვეტაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„შეიქმნა ე.წ. საინიციატივო ჯგუფი პოლიტიკური პარტიების დავალებით. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მერიასთან. რიგ საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებას. მუშა პროცესი გრძელდება. ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ და გვაქვს მერიასთან საუბრები, რომ უფრო მეტ საკითხზე იყოს კომპრომისი. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ მძღოლების ამ სოციალურ საკითხებში ჩარევისგან. მოვუწოდებ ვითომ ე.წ. ახალშექმნილ საინიციატივო ჯგუფს, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური მართვისგან და ნუ მისცემენ პოლიტიკურ პარტიებს იმის შესაძლებლობას, რომ მძღოლები მართონ“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვალერი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, მძღოლები თანხმდებიან იმაზე, რომ უნდა მოწესრიგდეს ქალაქში არსებული სტარანსპორტო ვითარება.
„იყო საუბარი ვადებზე და ამაზეც მივაღწიეთ შეთანხმებას, მათ შორის მარჯვენასაჭიანებზე, ასევე ფირზე. ძალიან ბევრი რამ დათმო მერიამ და გვიწევს რიგი საკითხების დათმობა ჩვენც“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.