ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტეფანწმინდაში გაიმართება

ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტეფანწმინდაში გაიმართება.

"ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზეიმო ღონისძიება 26 მაისს, 13:00 საათიდან დაიწყება.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ უნიკალურ ფოტო მასალას, დაათვალიერონ ადგილობრივი მრეწველების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

სპეციალურად სტუმრებისთვის მოწყობილ პავილიონებში, შესაძლებელი იქნება ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის სერვისების გაცნობა.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა ელოდებათ საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს.

დაგეგმილია საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონი“. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“.

26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.