დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რაჭაში აღნიშნავს. უწყების ცნობით, 26 მაისს ამბროლაურში ეკონომიკის სამინისტროს არაერთი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
მათივე ინფორმაციით, ამბროლაურის ცენტრში დამთვალიერებლებისთვის 10-მდე პავილიონი იმუშავებს, მათ შორის: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნება ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები და ვორქშოფები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ ქართველი სტარტაპერები და მათი პროდუქცია. ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება ლექცია/სემინარები სხვადასხვა თემაზე, წარმოდგენილი იქნება ვირტუალური ლაბორატორია და ა.შ.
26 მაისს ამბროლაურში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს რამდენიმე თემატური გამოფენაც, მათ შორის „გააზიარე ცოდნა“ - ქართველის გამომგონებლების შესახებ.
ეკონომიკის სამინისტრო 26 მაისს ამბროლაურში ადგილობრივი მეწარმეებისთვის გამოფენა/გაყიდვასაც მოაწყობს - მათ საშუალება ექნებათ, 12:00-20:00 საათებში მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ.
ასევე მთელი დღის განმავლობაში გახსნილი იქნება საბავშვო ქალაქი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ბავშვებისთვის გაიმართება მხიარული შეჯიბრებები, მათთვის ასევე დაგეგმილია შემეცნებითი გასართობი პროგრამა.