საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჭიათურაში ჩავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის შესახებ კითხვაზე მან უპასუხა, რომ მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიწყოს.
"ჩვენი სამინისტრო ძალიან დეტალურად არის ჩართული ამ პროცესებში. მედიაცია დაწყებულია პირველივე დღიდან და სახელმწიფო წარმოდგენილია შრომის ინსპექციით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ ვითარებაში არის ის, რომ მაღაროელების უფლებები ცალსახად დაცული იყოს, მათ ჰქონდეთ უსაფრთხო, ჯანდაცვის მაღალი სტანდარტის შესატყვისი შრომის პირობები და ეკოლოგიური პირობები იყოს დაცული. რაც შეეხება ფინანსურ პაკეტს, შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას, ამასაც ვადევნებთ თვალყურს, ვიცით, რომ კომპანის აქვს გარკვეული შემოთავაზებები და ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე ერთ მაგიდას მიუსხდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია. კომუნიკაციას, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეს კომუნიკაცია ალბათ უკვე მომზადებულია და შედგება უახლოეს პერიოდში. პირველ რიგში, თავად ბიზნესს, კომპანიას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომელიც ყველაზე მეტად ექმნებათ პრობლემა, რადგან მათი ბიზნესი პრაქტიკულად, გაჩერებულია, და ზარალობენ. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გაიაზროს ეს პრობლემა და ნორმალური, ღირსეული შემოთავაზება გაუკეთოს თავის თანამშრომლებს. ეს პირველ რიგში, მათ ინტერესშია. რასაკვირველია, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ეს კომუნიკაცია რაც შეიძლება, სწრაფად შედგეს, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შემოთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს. და ასევე ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თვითონ მაღაროელებიც, როგორც აქამდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ამ პროცესს, ახლაც პასუხისმგებლობით და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში", - განაცხადა თურნავამ.