დღევანდელ დღეს ეკონომიკის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო გამოფენებით ეგებება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მან დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მოსახლეობას და განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეებს პრობლემების გადაჭრაში უნდა დაეხმაროს.
"პირველ რიგში, ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, წარმატებასა და განვითარებას. დღევანდელ დღეს ეკონომიკის სამინისტრო ეგებება მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი სამეწარმეო გამოფენებით, მოწყობილი გვაქვს ჩვენი მცირე და მიკრო მეწარმეების, ჩვენი პროგრამების ბენეფიციარებისა და პოტენციური ბენეფიციარების გამოფენები სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, თელავში, ამბროლაურში, ზუგდიდში და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს არა მხოლოდ პროდუქციის გამოფენა და იმის წარმოჩენა, თუ ჩვენი დახმარებით როგორ მუშაობენ, ამარაგებენ საქართველოს ბაზარს, როგორ გადიან ექსპორტზე (რადგან ბევრი ექსპორტიორიცაა, მიუხედავად მცირე ზომისა) არამედ ერთმანეთში მათი ცოდნის გაზიარება. დღეს ცოდნის გაზიარების ეგიდით ვართ შეკრებილები და მეწარმეები ერთმანეთს მოუყვებიან თავიანთი წარმატების შესახებ და პრობლემებსაც გაუზიარებენ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამ პრობლემებში უკეთ გავერკვეთ და დავეხმაროთ, რომ გადალახონ და განვითარდნენ", - აღნიშნა თურნავამ.