Facebook-მა იანვრიდან მარტამდე პერიოდში 2,2 მილიარდი ფეიკ ანგარიში (ექაუნთი) წაშალა. CNN-ის ინფორმაციით, მაჩვენებელი კომპანიისთვის რეკორდულია და ცოტათი ჩამორჩება მთელს მსოფლიოში ერთი თვის განმავლობაში სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლების 2,8-მილიარდიან რაოდენობას. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ კომპანიამ წინა სამი თვის განმავლობაში 1,3 მილიარდი ფეიქ ანგარიშები წაშალა, 694 მილიონი კი 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში. სოციალური ქსელის წარმომადგენლები მსგავსი აქტივობების შესახებ ანგარიშების წარმოდგენას მომავალი წლიდან ყოველ სამ თვეში ერთხელ დაიწყებენ, ანგარიში კი Instagram-საც შეეხება.
„ამ თემის ჯანსაღი განხილვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური ანაგარიშები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ასე რომ, ეს უბრალოდ ხშირად უნდა მოხდეს. იმის გაცნობიერება, თუ რამდენად არის გავრცელებული დამაზიანებელი კონტენტი, დაეხმარება კომპანიებსა და ხელისუფლებას, რათა შექმნან მათთან ბრძოლის უკეთესი სისტემა. მჯერა, რომ ყველა წამყვანმა ინტერნეტ სერვისმა იგივე უნდა გააკეთოს“, - განაცხადა სოციალური ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა.
კომპანიის შეფასებით, 10 000-დან კონტენტის ყოველი 25 ნახვა Facebook-ზე დაკავშირებული იყო ძალადობისა და გრაფიკული კონტენტის მიმართულებით არსებული პოლიტიკის დარღვევასთან.
კომპანიამ ასევე პირველად გაუზიარა საზოგადოებას მისი პლატფორმების მეშვეობით ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების გავრეცელება-გაყიდვის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის შესახებ.
კომპანიამ ასევე გაასაჯაროვა, რომ იანვარ-მარტის პერიოდში Facebook-დან 19,4 მილიონი სხვადასხვა სახის კონტენტი წაიშალა, თუმცა მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა კონტენტის წაშლა გაესაჯაროვებინათ, რაც 2,1 მილიონ შემთხვევაში მოხდა. სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა 453 საჩივარი დააკმაყოფილეს და კონტენტი სოციალურ ქსელში აღადგინეს.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა