მაღაროელების ინფორმაციით, ჭიათურაში სკოლების და ბაღების ნაწილი გაიფიცა და მათ სოლიდარობას უცხადებენ

ჭიათურაში სკოლების და ბაღების ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები მაღაროელებს სოლოდარობას უცხადებენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი გელა ბაძგარაძე აცხადებს, გაფიცული პედაგოგები მათ შეუერთდნენ.

„გაიფიცნენ სკოლები და ბაღები, ისინი შემოგვიერთდნენ და სოლიდარობას გვიცხადებენ. იზიარებენ ჩვენს მოთხოვნებს და მოითხოვენ მძიმეწონიანმა მანქანებმა ქალაქში არ იარონ. ჩვენ გაფიცვას ვაგრძელებთ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა გელა ბაძგარაძემ.

მისი თქმით, ბოლო შეხვედრის შემდეგ მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხმიანებიან. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ერთი მათგანი გუშინ შეუძლოდ გახდა, თუმცა საავადმყოფოდან კვლავ კარავში მივიდა. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.