განათლების სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჭიათურაში საჯარო სკოლები გაიფიცნენ და მაღაროელების აქციებს შეუერთდნენ.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსწავლეებს, რომლებიც აქციების გამო საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებიან, დაეწერებათ გაცდენები.
„ზოგადად, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეები მონაწილეობენ ჭიათურაში გამართულ აქციებში, რა თქმა უნდა, გვაქვს. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჭიათურის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ამჟამად სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სკოლის ადმინისტრაცია, დირექცია და მასწავლებლები ადგილზე არიან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილებს, აუცილებლად დაეწერებათ გაცდენები და ეს გაცდენები აისახება მათ სამომავლო შეფასებებზე“, - განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა გელა ბაძგარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ჭიათურაში სკოლებისა და ბაღების ნაწილი გაიფიცა და ამ ფორმით მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადა.