საქართველოში ინოვაციური პროექტების დაფინანსების მიზნით, თანადაფინანსების ახალი 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამა პროგრამა დაიწყო.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული აპლიკანტები სახელმწიფოსგან ინოვაციური პროექტის ბიუჯეტის მაქსიმუმ 50%-იან თანადაფინანსებას (პროექტის ბიუჯეტის ნახევარს აპლიკანტი აფინანსებს საკუთარი სახსრებით) მიიღებენ.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესის ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის, განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა იყოს საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომლის 51% კერძო საკუთრებაშია; მეწარმე სუბიექტის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მილიონ ლარს; კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე; კომპანიის წილის 50%-ს ან მეტს სხვა კომპანია არ უნდა ფლობდეს. ამასთან, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა მოამზადონ ინოვაციური პროექტის ბიზნეს გეგმა, ბიუჯეტი და სამწლიანი ფინანსური პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს Start – Business Solutions კონკურსის ფარგლებში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარება.
ცნობისთვის, თანადაფინანსების ინოვაციების გრანტების პროგრამა 2019 წლის 22 მაისს გაიხსნა და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.