ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანიასთან ხელი სამ მემორანდუმს მოეწერა

ქუთაისში, ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანიასთან ხელი სამ მემორანდუმს მოეწერა. კერძოდ, ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „აი გრუფს“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „აი გრუფს“, აგრეთვე, კომპანია „აი გრუფსა“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსი, გიორგი დუგლაძე. კომპანია „აი გრუფის“ მხრიდან მონაწილეობდნენ: დიმიტრი აბდუშელიშვილი, გიორგი ხუროძე, აკაკი მამალაძე და საბა გასვიანი. კომპანია „ჩანგანის“ მხრიდან კი: Xiao Feng - Director of Changan international Cooperation; An Xianlin – Regional Manager of Changan International Cooperation; Wang Qi – Sales Supervisor of Changan International Cooperation. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში ჩინეთის ელჩი, ძი იანჩი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეს რეგიონში პრეცედენტი იქნება.

„ორი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ საქართველოში დაიწყება რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა. დღეს ხელი მოვაწერეთ რამდენიმე ხელშეკრულებაზე „აი გრუპთან“ და მათ პარტნიორ „ჩანგანთან“, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას განახორციელებს. ეს მართლაც, რეგიონში პირველი პრეცედენტი იქნება და იქნება ძალიან მაღალტექნოლოგიური წარმოება. საქართველო განამტკიცებს თავის პოზიციებს და გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ეს ქარხანა აშენდება სწორედ ქუთაისში, რომელიც მდიდარია მანქანათმშენებლობის ტრადიციებით და ჩვენ ეს ტრადიცია უნდა ავაღორძინოთ, რისთვისაც სახელმწიფო გადასცემს მიწას და მხარს დაუჭერს ქარხნის მშენებლობას. ასევე, დიდი მადლობა პარტნიორებს, რომ მათ წვლილი შეაქვთ მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, რაც ჩვენთვის გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩანგანი“ ჩინეთის მასშტაბით ოთხეულში შედის ასეთი ტიპის ელექტრომობილების წარმოებაში, 20-ზე მეტი სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილს აწარმოებს. მათ წარმოებისთვის სწორედ საქართველო აირჩიეს, თუმცა რეგიონში სხვა ვარიანტებიც არსებობდა, მაგრამ სწორედ საქართველოა ყველაზე მიმზიდველი მათთვის, რომ ეს ქარხანა აქ აშენდეს. ძალიან მალე მოგილოცავთ ყველას, რომ ჩვენს ქალაქებში გამოჩნდება ახალი, ლამაზი, დახვეწილი და ქართული წარმოების ელექტრომობილები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანია „აი ფროდაქშენის“ დირექტორმა, აკაკი მამალაძემ განაცხადა, რომ ელექტრომობილების ექსპორტზე გასვლაც იგეგმება.

„დღეს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, როგორც მთავრობასთან, ასევე ჩინურ მხარესთან. უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიური ლიცენზიის შეთანხმება, „ჩანგანმა“ მოგვცა იმის უფლება, რომ გამოვიყენოთ მათი პატენტები, ლიცენზიები და ვაწარმოოთ ქართული ელექტრომობილები. ნაწილობრივ პროპორციულია ინვესტიციები, ჯერჯერობით არ არის კონკრეტული ციფრები, რადგან სხვადასხვა კომპლექსური საქმიანობაა განსახორციელებელი. ჩვენი საწარმო კომპლექსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, შესაბამისად დასაქმდება ეტაპობრივად მეტი და მეტი ადამიანი. ახლა გვაქვს წინასამშენებლო სამუშაოები და ძალიან მალე დავიწყებთ სამშენებლო პროცესს და წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ელექტრომობილებს. ექსპორტს რაც შეეხება, პირველი ეტაპისთვის ჯერ საქართველოსთვის არის გათვლა, როგორც წესი, ეს გულისხმობს, რომ ადგილობრივ ყველა სეგმენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეიძინოს ქართული ავტომობილი; მეორე ეტაპისთვის, ძალიან ბევრი პრივილეგია გვაქვს, რომ ევროპაში გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია და ამისთვის, როგორც სახელმწიფო, ასევე ჩინური მხარე, ყველანაირად შეუწყობს ხელს. პირველი ეტაპისთვის გამოვუშვებთ 5 000 ავტომობილს, მეორე ეტაპისთვის, შემდეგი წლისთვის გვექნება 40 000 ავტომობილის წარმოების გეგმა და იგეგმება, რომ აქედან ნახევარი ევროპაში გავიდეს. რაც შეეხება ფასს, ელექტრომობილები მეტწილად უფრო ძვირი ღირს, ეს ბატარეიდან გამომდინარეა. ვმუშაობთ ყველანაირად, რომ დავწიოთ ეს ფასები და თავად ელექტრომობილის შესყიდვის, შენახვისა და გამოყენების ფასები“, - აღნიშნა მამალაძემ.

კომპანია „აი გრუფი“ ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, მაგრამ პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

საწარმოს მშენებლობა მთავრობის ხელშეწყობით მოხდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება.

საქართველოს მთავრობა ახორციელებს „მწვანე“ ეკონომიკის სტრატეგიას, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, გულისხმობს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე მათი წარმოების ხელშეწყობას.

ქართული კომპანია „აი გრუფი“ ელექტრომობილების წარმოებას ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიასთან „ჩანგანი“ თანამშრომლობით გეგმავს, რომელიც ჩინეთის ავტომწარმოებელთა ოთხეულში ირიცხება. მის მიერ წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით 17 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს. „ჩანგანის“ სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები როგორიც არის „ვოლვო“, „ფოლქსვაგენი“ და „ფორდი“.