„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლოს უწოდებს. როგორც საგანელიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროში შესულ ოქმებს დაგვიანებით აწერდა ხელს.
მისივე თქმით, ქობულია მისი მინისტრობის პერიოდში საპარტნიორო ფონდში არც ერთხელ არ მისულა.
„მე არ მიყვარს წასულ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ რადგან კითხვები დამისვით, უნდა გითხრათ. სამწუხაროდ, გიორგი ქობულია მისი მინისტრობის პერიოდში არცერთხელ არ ყოფილა საპარტნიორო ფონდში, მიუხედავად ბევრი თხოვნისა. ეკონომიკის სამინისტროში არცერთხელ არ ყოფილა საპარტნიორო ფონდის საკითხი განხილული. მხოლოდ ბორდის რამდენიმე სხდომას დაესწრო ბატონი გიორგი და შესაბამისად, გარკვეულად ის პრეტენზიები და მოთხოვნები რაც ჩვენ გვქონდა, მან მოისმინა.
რაც შეეხება განცხადებებს, რომ ფონდი არაეფექტურია, რადგან გადაწყვეტილებებს გვიან იღებს. ჩვენ, როცა ბორდზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამის მერე იურიდიული დეპარტამენტი ადგენს ოქმს და ჩამოტარებაზე მიდის, რომ მინისტრებმა და ბოლოს პრემიერმა ხელი მოაწერონ.
ყველა ოქმს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გასული წლის აგვისტოდან დეკემბრამდე შევიდა, მინისტრის მიერ დაგვიანებით მოეწერა ხელი. მაგალითად, რუხის სავაჭრო ცენტრზე ეკონომიკის სამინისტროში შეტანილ ოქმს, რომელიც 2018 წლის 19 ივლისს არის შეტანილი, ეკონომიკის მინისტრმა ხელი მოაწერა 2019 წლის 4 თებერვალს. 7 თვის განმავლობაში 5 ლარის გადარიცხვის საშუალება არ მქონდა იმიტომ, რომ ხელმოწერილი არ იყო თებერვლამდე არც ერთი დოკუმენტი. ვერც ერთი სტარტაპის პროექტი ვერ დავაფინანსე თვეების განმავლობაში იმიტომ, რომ არ იყო ხელმოწერილი.
ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს. ბიზნესში გავიარე წლები, პარლამენტში გავიარე 16 წელი, ოპოზიციაც და პოზიციაც, მე მსგავსი უპასუხისმგებლობა მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ადამიანისგან ფონდის მიმართ... მზად ვარ, შინაურულად და მეგობრულად კიდევ ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ. შეიძლება წასულ მინისტრზე ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ როცა აქეთ არის მინიშნებები არაეფექტურობაზე“, - განაცხადა საგანელიძემ.