არც ერთ პროექტში ჩვენ მმართველი კომპანია არ ვართ გარდა ერთისა, ეს არის სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ,- ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდს მოუწია „ბორჯომი-ლიკანის“ მართვაში შესვლა. თუმცა ეს სწორი არა არის და უკვე მომზადებულია დოკუმენტაცია სასტუმროს გასაყიდად, მოლაპარაკებებს კი ფონდი სამ სასტუმროსთან აწარმოებდა.
„ჩვენ არც ერთ პროექტში არ შევდივართ, როგორც საკონტროლო პაკეტის მფლობელები. ჩვენ ვართ მინორიტარი მეწილეები და არც ერთ პროექტს ჩვენ არ ვმართავთ. არც ერთ პროექტში ჩვენ მმართველი კომპანია არ ვართ გარდა ერთისა, ეს არის სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ , ყოფილი „რიქსოსი“ . მოხდა ისე, რომ გამოვისყიდეთ „ყაზმუნაი გაზის“ 50%-იანი წილი. უკვე მომზადებული გვაქვს საბოლოო დოკუმენტი გასაყიდად გამოსატანად. ჩვენი საქმე არ არის მართვა. არ არის სწორი ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, გვინდა არ გვინდა, ეს სასტურო ავიღეთ მართვაში, მაგრამ ახლავე გამოგვაქვს გასაყიდად. მოლაპარაკებები გვქონდა Marriott-თან, intercontinental-თან, swiss hotel-თან და იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო წინ წავიწევთ,“-აცხადებს საგანელიძე.