„თუ მაღაროელების ხმა არ ესმის მთავრობას, მაშინ მთელი ერის ხმა უნდა გაიგონოს!“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მაღაროლებისთვის დღეები კი არა, უკვე საათებია გადამწყვეტი, რადგანაც ისინი უკვე მეთერთმეტე თვეა შიმშილობენ.
„ჩვენ ქვეყანაში უნდა ვისწავლოთ სოლიდარობა. დეპუტატი იქნება ეს, თუ რიგითი ადამიანი უნდა შევუერთდეთ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს და თუ მაღაროელების ხმა არ ესმის მთავრობას, მაშინ მთელი ერის ხმა უნდა გაიგონოს! მეთერთმეტე დღეა ადამიანები შიმშილობენ და მართლა დღეებით კი არა, უკვე საათებია გადამწყვეტი. მითუმეტეს რომ, ეს ადამიანები არ შიმშილობენ პოლიტიკური მოთხოვნებით. მათ ნორმალურ გარემოში შრომა და ადეკვატური ანაზღაურება უნდათ. აბა როგორ შეიძლება ადამიანები მაღაროში, იმ გაუსაძლის პირობებში, მხოლოდ 700 ლარად ამუშავო?! დღიური ულუფა კი 2 ლარი დაუწესო. ყველამ ვნახეთ როგორ ჩაიარა წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფმა ჭიათურაშიც. გასცეს უამრავი დაპირება, მიიღეს ხმები, მოსახლეობას, მაღაროელებს კი, არაფერი არ გაუკეთეს. ანუ, ისინი უბრალოდ მოატყუეს. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ჩვენი ღირსების საკითხია ამ ადამიანებს პოლიტიკოსების მიმართ ნდობა აღვუდგინოთ. ჩვენი ვალია, ამ ადამიანებთან ყოველსაათობრივ კავშირზე ვიყოთ და სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ დღესვე გადავდებთ ყველაფერს და ადგილზე ჩავალთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ „ჭიათურაში დაიბარებენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს და მაღაროელების გაუსაძლის პირობებს ისინი ადგილზევე გაეცნობიან“.
„ადგილზე ჩავატაროთ გასვლითი კომიტეტის სხდომა. იქვე დავიბაროთ ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებიც და პირადად ვანახოთ ის გაუსაძლისი პირობები რაც იქ ტრიალებს. გასაგებია, რომ იქმნება რაღაც კომისიები, მიდის მსჯელობა, მაგრამ ამდენი ხანია ვერავინ ვერაფერზე შეჯერდა და ახლაც ეს ყველაფერი მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვა მგონია. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ჭიათურას უბრალოდ პატრონი არ ჰყავს. გადათხრილია ყველაფერი და დარღვეულია ყველა პირობა, თუ უფლება - 16 მაისს დაიწყო გაფიცვა და წინა თვეების ხელფასები დღემდე არაა გადახდილი. და თუ ჩვენ სახემწიფო ვართ, რას ნიშნავს ახსნა, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი“ კერძო სტრუქტურაა?! ჯერ ერთი, იქ უკვე დიდი ხანია სახელმწიფო მმართველია და სახელმწიფო მმართველმა ვიზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში, თავის მოქალაქეებზე თუ ინვესტორზე?! მითუმეტეს რომ, როგორც გვახსოვს, იყო ძალიან სერიოზული ჯარიმები წინა ინვესტორზე. 200 მილიონი ერთი მიმართულებით გადასახდელი, მეორე - 300 მილიონი, გარემოს დაცვითი მიმართულებით. გვახსოვს ისიც, რომ მერე შეიცვალა კანონები და სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ჯარიმები 7 მილიონამდე ჩამოვიდა... და მიჩნდება ლოგიკური კითხვა, რღაც ძალიან გაურკვეველი მახინაციები ხომ არ ხდება? აი ეს არის გამოსაძიებელი და ეს ჩვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.