ღვინის კომპანიების ნაწილმა შესაძლოა, „ხვანჭკარას“ წარმოება შეწყვიტოს - „თუ ფასი ადეკვატური იქნება, წარმოებას გავაგრძელებთ“

ღვინის კომპანიის ნაწილმა შესაძლოა, „ხვანჭკარას“ წარმოება შეწყვიტოს. კომპანიებში აცხადებენ, რომ ღვინის ჩამოსხმას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ რაჭული ყურძნის და ღვინომასალის საბაზრო ღირებულება ადეკვატური იქნება.

როგორც ცნობილია, 2019 წლის შემოდგომაზე „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესი უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების - მუჯურეთულის და ალექსანდროულის ზონიდან გამოტანა აღარ მოხდება.

მეღვინეების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შემოდგომაზე სავარაუდოდ, ადგილზე უკვე მზა ღვინო მასალას შეიძენს. ნაწილი კი, ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობას და ყურძნის გადამუშავებას მათი სიმძლავრეების გამოყენებით გეგმავს. თუმცა, მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ყველაფერი „ხვანჭკარას“ ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული და თუ პროდუქტი გაძვირდა, მის წარმოებაზე უარს იტყვიან.

„ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად 2017 წელს გააკეთა. უწყების პოზიციაა, რომ „პოპულარობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდს აქვს, იმ რეგიონს უნდა მოხმარდეს, სადაც ის იწარმოება“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან ღვინის კომპანიები აღნიშნული ცვლილებისთვის, რა მოლოდინები აქვთ და დაიწყებენ თუ არა „ხვანჭკარას“ წარმოებას უშუალოდ რაჭაში.

„თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ წარმოებას სავარაუდოდ, რომელიმე ადგილობივ კომპანიასთან თანამშრომლობით გააგრძელებს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პროდუქტის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ ადგილზე წარმოების გადატანას ვერ შევძლებთ. ამიტომ, ვგეგმავთ, რომ რომელიმე ადგილობრივ კომპანიას დავუკავშირდეთ და ყურძენი მათ ბაზაზე გადავამუშაოთ, ან მომავალში ღვინო მასალა ვიყიდოთ. დამოკიდებული ვართ ფასზე. გასულ წლებში, დაახლოებით, 60-70 ტონამდე „ხვანჭკარას“ ვამუშავებდით, თუმცა რეალუარად, ეს ჩვენს პორტფელში ერთ-ერთი ღვინოა და არა ერთადერთი. ამიტომ, თუ მისაღები ფასი იქნება, წარმოებას გავაგრძელებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს ვიტყვით. ჩვენი მხრიდან ეს იქნება წმინდა ფინანსური გადაწყვეტილება“,- აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

,,შუხმან ვაინის’’ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, კომპანია ადგილზე ღვინო მასალას შეიძენს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი პროდუქტის საბაზრო ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ამ პერიოდამდე, სანამ ტრანსპორტირება დასაშვები იყო, ჩვენი კომპანია „ხვანჭკარას“ მცირე რაოდენობით აწარმოებდა. დაახლოებით, 10-15 ტონამდე. მას შემედეგ კი, რაც ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავება სავალდებულო გახდება, ჩვენი ტექნოლოგიური სიმძლავრეების გათვალისწინებით (ვინაიდან საწარმოს გადატანა მოითხოვს სხვადასხვა დანახარჯებს და რესურსს), შესაძლებელია, შემდეგი წლების განმავლობაში ადგილზე ღვინო მასალა შევიძინოთ. თუ, რა თქმა უნდა, მისაღები ფასები იქნება. საწარმოს იქ აშენებას არ ვგეგმავთ, რადგან ეს დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, თქვენ იცით, რომ „ხვანჭაკარაზე“ დიდია მოთხოვნა, ხოლო წარმოშობის ზონა ძალიან პატარაა. იმის გათვალისწინებით, რომ პროცესში ბევრი კომპანიაა ჩართული და რეალურად, იმდენად დიდი რაოდენობებზე არ არის საუბარი, რომ საწარმოს აშენება გვიღირდეს. შესაბამისად, თუ ფასი ადეკვატური იქნება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, „ხვანჭკარას“ წარმოებას გავაგრძელებთ“,- აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

წარმოების ღირებულებასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს კომპანია „თბილ ღვინოს“ გენერალურ დირექტორს ზურა მარგველაშვილსაც. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუ ფასი ადეკვატური იქნება, სავარაუდოდ, ისევ იმ ადგილობრივ კომპანიასთან ითანამშრომლებს, რომლის სიმძლავრეებსაც გასულ წლებშიც იყენებდა.

„წარმოების იქ გადატანას, უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ. ჩვენ აქამდეც ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ რაჭულ კომპანიასთან, რომლის საწარმოს სიმძლავრებსაც ვიყენებთ და სავარაუდოდ, ისევ მასთან თანაშრომლობას გავაგრძელებთ. ვნახოთ, როგორი იქნება ფასი.

თუ კანონი კიდევ შეგვზღუდავს, მერე უკვე აღარ ვიცი გავაგრძელებთ, თუ არა წარმოებას. ჩვენი კომპანიის პოზიციაა, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ არის „ხვანჭაკარას“ ხარისხისა და რეპუტაციის გაზრდისთვის მიღებული. ეს უფრო ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ მეტი დაკვეთები და შემოსავლები, რაც საბაზრო კანონებთან დიდად შესაბამისობაში არ არის. იმიტომ, რომ ყველა წარმოშობის ზონაში ერთი და იგივე წესები უნდა მოქმედებდეს და არა მხოლოდ „ხვანჭკარის“ წარმოებაზე“,-აცხადებს ზურა მარგველაშვილი.

ნინი ქეთელაური