ირანული ნავთობის გაყიდვები ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ The Wall Street Journal ირანულ ბიზნესში წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია უარს ამბობენ ირანისგან ნავთობის შეძენაზე. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონმა ამ ქვეყნებს ირანული ნავთობის შესაძენად საშეღავათო პერიოდი არ გაუგრძელა. „ისინი ნამდვილად იცავენ სანქციებს“ - წერს გამოცემა ირანის ნავთობმრეწველობაში მოქმედ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
როგორც ცნობილია, თეირანის მიმართ სანქციები 2018 წლის ნოემბერში განახლდა, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გადაწყვიტა ცალმხრივად დაეტოვებინა ირანის ბირთვული პროგრამის საერთო შეთანხმება. თუმცა ამ სანქციებიდან ნახევარი წლით გამოყო 8 ქვეყანა, რომლებსაც საშეღავათო პერიოდი მისცა. საშეღავათო პერიოდი ჰქონდათ - ჩინეთს, ინდოეთს, საბერძნეთს, იტალიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ტაივანს და თურქეთს. მაისიდან სანქციები სრულად ამოქმედდა.