ევროკავშირის ქვეყნები არ აპირებენ ცალმხრივად შეამცირონ საკუთარი წარმოების ავტომობილების ექსპორტი აშშ-ში, როგორც ამას ამერიკული მხარე ითხოვს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საგარეო ვაჭრობის საკითხებში ბრიუსელში გამართულ 28 ქვეყნის წარმომადგენლის შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 17 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ნახევარი წლით გადადოს საბაჟო ტარიფის დაწესება ევროკავშირიდან და იაპონიიდან შტატებში შემოტანილ ავტომობილებზე. სამაგიეროდ, კი წაუყენა მის უახლოეს პარტნიორებს მოთხოვნა შეზღუდონ ექსპორტი ამერიკულ ბაზარზე, რომლის მოცულობაც ამერიკული მხარის მტკიცებით, საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ევროპული ქვეყნები განაგრძობენ მსო-ს კვოტების წესების დაცვას“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯან ბატისტ ლემუანმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას.
„ჩვენ არ ვაპირებთ ექსპორტის შეზღუდვას“, - დასძინა შვედეთის ვაჭრობის მინისტრმა ანნა ლინდემ.
ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მაალსტრომმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, საბჭოს სხდომის შედეგებზე უფრო რბილ ტონალობაში ისაუბრა და განაცხადა, რომ მინისტრები მიესალმებიან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, მოხდეს ტარიფების ამოქმედების გადავადება ნახევარი წლით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპელების აზრით, ევროკავშირიდან ექსპორტირებული ავტომობილები არ უქმნიან საფრთხეს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.
რამდენიმე კვირით ადრე კი ევროკომისარი აცხადებდა, რომ ტარიფის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებდა.