საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, რამდენიმე პირის სახელზე, ფორმალურად დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, ერთ - ერთი ასეთი კომპანიის სახელით, მეორე კომპანიაზე ფიქტიურად გაწერეს დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. თითქოსდა, განხორციელდა დაახლოებით 23 მილიონი ლარის ღირებულების ლითონის კონსტრუქციების მიწოდება, რა გზითაც, დღგ - ს ნაწილში კომპანიამ შეიქმნა ყალბი აქტივი 3 391 665 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა, შემდგომში შეიძინეს იმპორტირებული ბენზინი, რა დროსაც, საქონლის იმპორტისათვის გათვალისწინებული ოფიციალური გადასახადები - ჯამში 2 361 842 ლარის ოდენობით დაიფარა ყალბად შექმნილი აქტივიდან.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.