ჯგუფურ კიბერდანაშაულში ბრალდებული ალექსანდრ კონოვოლოვის ადვოკატის, ბესიკ ქარცივაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე კი კიბერდანაშაულის საქმეში ალექსანდრე კონოვოლოვთან ერთად, საქართველოს მოქალაქე მარატ კაზანჯიევიც განიხილება.
„ამერიკიდან ჩართული იყო საკმაოდ დიდი საგამომძიებლო კორპუსი, ფედერალური ბიუროს გამომძიებლები, რომლებიც საქართველოში არაერთი თვე იყვნენ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. საქმეზე ძალიან ბევრი მოწმე ჰყავთ გამოკითხული, საქმის მასალები არის საკმაოდ შთამბეჭდავად ნამუშევარი რეალობა, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ალექსანდრე კონოვოლოვი ბრალს არ სცნობს და არ აღიარებს. მისი განმარტებით, მას არ ჰქონდა ჯგუფთან შემხებლობა და როგორც ლიდერი, ამ ჯგუფში არ აისახებოდა მისი როლი და ფუნქცია“, - განაცხადა ბესიკ ქარცივაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა თანხის მითვისებაზეა საუბარი, ბესიკ ქარცივაძე განმარტავს, რომ ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.
"შემიძლია გითხრათ, რომ 100 მილიონი არ არის. ამ თანხის ოდენობა ასეთი მოცემულობით ჯერჯერობით გამოძიებას არ აქვს, თუმცა გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე გამოძიებას 9 ეპიზოდი აქვს. წინასწარი კვლევების მონაცემით, კონოვოლოვს ბრალად ერიცხება ქმედება, როგორც განხორციელებულ დადებით შედეგზე, ასევე მცდელობაზე",- აღნიშნა ბესიკ ქარცივაძემ.
მისივე თქმით, კონოვოლოვი გამოძიებასთან ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ თანამშრომლობს, თუმცა გამოძიებისთვის "ათეული ჩვენება აქვს მიცემული".
"კონოვოლოვს ამ ეტაპზე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საკმაოდ რთული დიაგნოზია. ექსპერტიზაა დანიშნული. უახლოეს დღეებში მას სტაციონარულ 20- დღიან ექსპერტიზაზე გადაიყვანენ", - აღნიშნა ბესიკ ქარცივაძემ.
ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა, თუ არა რომ კიბერდანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები ისევ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ბესიკ ქარცივაძემ აღნიშნული არ გამორიცხა. "გამოძიებას მიაჩნია, რომ არსებობს პირთა ჯგუფი, რომლის დადგენის სამუშაოები მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები," - განაცხადა ადვოკატმა.