2019 წელს 3 თვის პერიოდში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სულ გამოიწერა 36 608 ვიდეოჯარიმა, რომელთა საფუძველზეც ბიუჯეტში შესულმა თანხამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა,- ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართული 2 204 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 375 ზოგადი ხედვის და 829 ნომრის ამომცნობი კამერა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს შემუშავებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ვიდეოდაჯარიმება მოხდება ინსპექტირების ვადიდან 30 დღის ნაცვლად ყოველ 3 კალენდარულ დღეში.
„2019 წლის 14 იანვარს ამოქმედდა შსს-ს ჭკვიანი კამერები, რომლებიც ინსპექტირების დადგენილი წესით არგავლილ ავტოსატრასპორტო საშუალებას აჯარიმებს 30 კალენდარული დღის პერიოდულობით. შსს-ს შემუშავებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დამტკიცების შემთხვევაში, ვიდეოდაჯარიმება მოხდება ინსპექტირების ვადიდან 30 დღის ნაცვლად ყოველ 3 კალენდარულ დღეში,“-აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.