ზოგიერთი სამართალდამცავი ინსპექტორებისგან ითხოვდა და, რიგ შემთხვევებში მოითხოვდა, მათ კუთვნილებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების დადებითი შედეგის გაცემას,- ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მცდელობები ინსპექტორებისგან დადებითი ტექინსპექტირების შედეგის მიღების მიზნით.
„კვლევისას გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მცდელობებიც - ზოგიერთი მათგანი ინსპექტორებისგან ითხოვდა და, რიგ შემთხვევებში მოითხოვდა, მათ კუთვნილებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების დადებითი შედეგის გაცემას,“-აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, კვლავ გამოიკვეთა ავტომფლობელების მიერ ინსპექტირების გავლის მიზნით ერთჯერადი მანიპულაციების გამოყენება. კერძოდ, კვლევის მეორე ეტაპმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ასევე ხშირია ავტონაწილების და აღჭურვილობის (საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) ინსპექტირების გასავლელად თხოვება-ქირაობა ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.