საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა.
რუსული მხარის მიერ ინტელექტის ოკუპაციის მცდელობის ბოლო გამოვლინება იყო ის, რომ რუსეთის მიერ შექმნილი საეჭვო ორგანიზაცია, საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია, აქტიურად უკავშირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებებით მოსარგებლეებს (კაფე-ბარებს, რესტორნებს, სავაჭრო დაწესებულებებს და ა.შ.) და მოითხოვს მათგან მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებისთვის ლიცენზიის გაფორმებას.
როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში აცხადებენ, მათ არ გააჩნიათ აღნიშნულის უფლებამოსილება და ეს მოთხოვნა არის უკანონო. საქართველოში მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე ნებართვის გაცემის და ჰონორარის შეგროვების უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სტატუსი. შესაბამისად, სხვა ვერცერთი ორგანიზაცია ვერ მოითხოვს ლიცენზიის გაფორმებას და ჰონორარის გადახდას.
„შეცდომის და შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ თავი შეიკავოთ ამ საეჭვო ორგანიზაციასთან ურთიერთობისგან და გვაცნობოთ ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ, რადგან მათთან ხელშეკრულების გაფორმება არ გაგათავისუფლებთ ჩვენს წინაშე არსებული ჰონორარის გადახდის ვალდებულებისგან და ჩაითვლება კანონის დარღვევად. ამასთან, მათი მხრიდან თქვენს მიმართ წამოჭრილ ყველა პრეტენზიაზე პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი ორგანიზაცია,“ - ნათქვამია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის განცხადებაში.
რუსული მხარის მიერ განხორციელებულ ამ და სხვა მცდელობებს, რომ გავლენა მოიპოვოს საქართველოში საავტორო უფლებებზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ოფიციალური წერილით გამოეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში მხოლოდ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას აქვს უფლება კოლექტიური წესით მართოს საავტორო და მომიჯნავე უფლებები, ამასთან კანონით დაუშვებელია იგივე ფუნქციების ანალოგიური ორგანიზაციის შექმნა. საქპატენტი წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს.
უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელსაც ხელს აწერს „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ლებანიძე:
„თქვენი 2019 წლის წლის #01/100-4705 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ დებულებებს განსაზღვრავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის X თავი. აღნიშნული თავის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
„1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. თუ ორგანიზაციის წესდება შეესაბამება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციის შესახებ და გასცემს რეესტრიდან ამონაწერს. ორგანიზაცია უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების მართვა განახორციელოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი რეგისტრაციის შემდეგ.“
გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „დაშვებულია შექმნა ცალკეული ორგანიზაციებისა უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ანდა ორგანიზაციებისა, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებას.“
ამასთან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედებს აღნიშნული კანონის მოთხოვნების დაცვით შექმნილი მხოლოდ ერთი ორგანიზაცია -
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“, რომელიც ფარავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ყველა კატეგორიას და რომელსაც გაფორმებული აქვს ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე ხელშეკრულებები მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, დაუშვებელია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი სხვა ანალოგიური ორგანიზაციის შექმნა და უფლებების კოლექტიური მართვის ფუნქციების განხორციელება.“
(R)