„ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთათვის ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, გავრცელებულ ინფორმაციას, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ხელფასების არასრულად გაცემასთან დაკავშირებით, კომპანიის ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დადასტურდა, რომ ხელფასები სწორად არის გაცემული.
„მოგახსენებთ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" აპრილის თვის ხელფასები გასცა სრულად. ჩვეულ რეჟიმში ხდება ხოლმე, ხელფასამდე ე.წ ქვითრების დარიგება, სადაც მითითებულია, თუ რა სახის ანაზღაურებას იღებს იმ თვეში თითოეული მუშა-მოსამსახურე, თუმცა ჩვენი თანამშრომლების თხოვნით, მოხდა პროცესის აქსელერაცია და პირველ რიგში გაიცა ხელფასები, არ დარიგებულა ქვითრები, რომელიც უფრო ახსნა-განმარტების ხასიათს ატარებს. ეს ე.წ ქვითრები დარიგდება ხვალ და გაირკვევა აღნიშნული საკითხი. ამ დროისთვის მოგვმართა 40-მდე ადამიანმა და მათთან მოხდა მათი ანაზღაურების დეტალურად განხილვა, შესწავლა და დადასტურდა ის გარემოება, რომ ხელფასები გაცემულ იქნა სწორად. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რაიმე სახის უზუსტობა, ადმინისტრაცია მყისიერად გამოასწორებს და მოახდენს თანხების შესაბამისად კორექტირებას. დამატებით გადარიცხავს იმ თანხებს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას. ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც დასაქმებულთა მხრიდან დაისმება, კომპანია მყისიერად რეაგირებს და მზად არის ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან დასმულ კითხვებს დროულად გასცეს პასუხი“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.