ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია იწყება.
საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება. სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.
თბილისის მერია ავრცელებს, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სქემას, რომლის მიხედვითაც მოუწევთ მოძრაობა გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის 1 ეტაპზე.
- კერძოდ, ტრანსპორტი ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება;
- ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება;
- ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ: კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება;
- ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება;
- ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით იქნება შესაძლებელი.
მერიის ცნობით, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისთვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.