საათობრივი პარკირების ამოქმედება გადავადდა - როდიდან და სად შეიცვლება პარკირების  წესი  თბილისში?

დედაქალაქში ზონალური პარკირების ამოქმედება გადავადდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმის განხორციელება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პარალელურად უნდა მოხდეს.

„სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზონალური პარკირების სისტემის შემოღებაც. როგორც ცნობილია, მისი ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმებოდა, მაგრამ გვინდა რომ ყველა ახალი ავტობუსი, რომელსაც ვყიდულობთ ადგილზე იყოს და შემდეგ მოხდეს პარკირების ახალი სისტემის ამოქმედება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ივლისის ნაცვლად ზონალური პარკირება 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდეს,“-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი და კონკრეტული ქუჩებია გამოყოფილი, სადაც პირველ ეტაპზე რეფორმა განხორციელდება. კერძოდ, კალაძის თქმით, ეს ქუჩებია კოტე აფხაზის ქუჩა (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანი.

„პირველ ეტაპზე ეს რეფორმა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე განხორციელდება. მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს გადასახადი არ შეეხებათ, ასევე ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის პარკირება ქალაქში და ამ კონკრეტულ ლოკაციებზე იქნება უფასო,“-განაცხადა კალაძემ.

თაია არდოტელი