ტრამპის მომხრეები მექსიკის საზღვარზე კედელს თვითონ აშენებენ

„ბი-ბი-სის“ ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები დამოუკიდებლად შეუდგნენ მექსიკის საზღვარზე იმ კედლის მშენებლობას, რომლის აგების პირობა დადო ტრამპმა და აშშ კონგრესმა კი ამისთვის სახსრები არ გამოუყო. თანხა (დღეისთვის 22 მილიონი დოლარი) ამ პროექტისთვის ინტერნეტის მეშვეობით შეგროვდა „კრაუდფანდინგის“ კამპანიით.

კედლის მშენებლობა ნიუ-მექსიკოს შტატში მეტალის კონსტრუქციებით მიმდინარეობს. ამ „კერძო“ კედელმა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს უკვე არსებული ორი 30 კილომეტრიანი მონაკვეთი და ეს 8 მილიონი დოლარი დაჯდება. საზღვრის მეორე მხარეს მდებარეობს მექსიკის ქალაქი სიუდად-ხუარესი.

ტრამპის მომხრეები, ამ პროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ ეს არის წმინდა ამერიკული პასუხი კონგრესისთვის, რომელიც, მათი აზრით, არაფრად ვარგა. კედელი კერძო პირების მიწაზე შენდება. აშშ სასაზღვრო უწყებამ განაცხადა, რომ მათ ამ მონაკვეთის მშენებლობასთან კავშირი არ აქვთ.