მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, სადაც სარეკრეაციო, გასართობი სივრცე უნდა განთავსდეს, დღეს ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც „კოლიერსის“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა გაკეთებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი 20 მილიონზე მეტი დაჯდება.
„მუხიანში არსებული მიწის ნაკვეთზე, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური ადგილი იმისთვის, რომ გავხადოთ ახალი მიზიდულობის ცენტრი კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით. ჩვენ დაქირავებული გვყავდა კომპანია, რომელიც კონცეფციას აკეთებდა ამ პროექტთან დაკავშირებით. აქ უნდა განთავსდეს სარეკრეაციო, გასართობი, ახალგაზრდული სივრცე და ეს გახდება თბილისში ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი. დღეს უკვე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც „კოლიერსის“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა გაკეთებული. ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონზე ოდნავ მეტი იქნება ამ პროექტის განხორციელებისათვის. ჩვენ შეხვედრა გვაქონდა ასევე ბიზნეს-სექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი იქნება ინტერესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.