კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება.
ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ამ არეალში ახალი ავტობუსები იმოძრავებს.
„ახალი ავტობუსების შემოსვლა ცოტა დაგვიანდა და 1-ელი ივლისიდან ჩვენი მზაობა გადაიწია 1-ელ აგვისტომდე, რომ საპილოტე არეალში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში ახალი ავტობუსები მოემსახუროს ჩვენ მოქალაქეებს. ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ზონალურ პარკირებასთან ერთად მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება იმ არეალებში, სადაც შევა ზონალური პარკირების ახალი მოდელი - საათობრივი პარკირების ახალი სისტემა. შესაბამისად, ვინაიდან 1-ელი ივლისის მდგომარეობით ვერ მოესწრო ავტობუსების შემოსვლა სრული რაოდენობით, 1-ელი აგვისტოსთვის ჩვენ უკვე სრულად მზად ვიქნებით. პარკირებასთან დაკავშირებით ჩვენ გაკეთებული გვაქვს განმარტებები, ყველასთვის ცნობილია და კიდევ იქნება დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორი სისტემა იმუშავებს 1-ელი აგვისტოდან. ავტობუსებს რამდენად გაატარებს კოტე აფხაზის ქუჩა დატესტილია. სამი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი იმუშავებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც აქამდე არ მოძრაობდა. გაბარიტები გაზომილია და ავტობუსები შესულია. ფასებს რაც შეეხება, საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი - ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი", - განაცხადა ხმალაძემ.