ანტიბიოტიკები 9,5%-ით, ტკივილგამაყუჩებლები კი 1,7%-ით გაძვირდა - რით ხსნიან  მედიკამენტებზე ფასების ზრდას?

2019 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -4.5%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი - 1.7%-ით არის გაზრდილი; ანტიბიოტიკებზე - 9.5%-ით; 6.4%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 5.6%-ით ; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების - 4.8%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია 1.8%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგადად მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია გვაქვს. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი მაკალათია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სამკურნალო საშუალებების გაძვირება მათ შორის იმპორტზე დამოკიდებულებით არის განპირობებული.

„აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ფულად ხარჯვით სისტემაში ყველაზე დიდი წილი სურსათს და მედიკამენტებს აქვს. რაც შეეხება ფასის მატების მიზეზებს, ორი ძირითადი მიზეზი გვაქვს: 1-ლი - ის რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს და იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად მოქმედებს და ფასებზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, ბაზარზე არის ძირითადად ოლიგოპოლიური სისტემა, რადგან ბაზრის მცირე მოთამაშეები მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ და ერთნაირად მზარდი ფასებია, რადგან თვითონ კომპანიები ზრდიან ფასებს,“-აღნიშნავს მაკალათია.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 0.03%-ით გაიაფდა; ანტიბიოტიკებზე ფასები - 0.02%-ით გაიზარდა; 0.11%%-ით არის შემცირებული ვიტამინების ღირებულება; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 0.07%-ით შემცირდა; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ღირებულება - 0.08%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია 0.15%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.

თაია არდოტელი