თურქული ლირის გაუფასურება აჩენს მოლოდინს, რომ შესაძლოა ლარიც გაუფასურდეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც კეპულაძე განმარტავს, ლირის გაუფასურებამ ლარის გაუფასურების მოლოდინი წარმოქმნა, რამაც ბიზნესმენების მხრიდან რეზერვების დოლარში აკუმულირება წაახალისა.
„როგორც ჩანს, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის, თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოში მოქმედ ბიზნესებს სიგნალი მისცა ლარის შესაძლო გაუფასურებასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, კომპანიები რეზერვებში არსებული ლარის დოლარში აკუმულირებას ახდენენ, ანუ ყიდულობენ დოლარს, შესაბამისად, დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა იწვევს ლარის გაუფასურებას,“- აცხადებს კეპულაძე.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე ასე დამოკიდებული არ იყოს, საჭიროა დივერსიფიკაცია.
„იმისთვის, რომ საქართველო ასე არ იყოს დამოკიდებული სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მინდინარე პროცესებზე, საჭიროა, რომ მთავრობამ და ბიზნესმა იმუშაოს ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციაზე, რაც თავის თავში გულისხმობს რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყნის მოძიებას საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რადგან, როგორც ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხშირად არის კრიზისები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, რაც ხან ლარის გაუფასურებით და ხან ინფლაციური მოლოდინების ზრდით გამოიხატება,“-აცხადებს კეპულაძე.
კითხვაზე, რამდენად სწორია ეროვნული ბანკის პოლიტიკა და უნდა გადადგას თუ არა სებ-მა კონკრეტული ნაბიჯები გაცვლითი კურსის სტაბილიზაციის მიზნით, კეპულაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სებ-ის ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს და ეროვნული ბანკისა და მთავრობის მხრიდან საჭროა ადგილობრივ ბიზნესთან სწორი კომუნიკაცია, რათა მათ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესების შესახებ.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ეროვნული ბანკის ჩარევის აუცილებლობას რეზერვების გაყიდვის კუთხით, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რომ როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის სწორი კომუნიკაცია იყოს ბაზრის მონაწილეებთან და აუხსნან ქართველ ბიზნესმენებს, რომ მათ მოლოდინებს არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს და არანაირი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ არ ვდგავართ, იმის გამო, რომ თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური ვითარებაც დაიძაბა,“-განმარტა გიორგი კეპულაძემ.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა 8 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7876 ლარს შეადგენს.