საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ლევან ვეფხვაძე დაიკავებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძის დანიშვნას ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღემდე ლევან ვეფხვაძე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას: ის 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; 2017 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; 2016 -2018 წ.წ. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი და დირექტორთა საბჭოს წევრი; 2008 – 2012 წ.წ. საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005 – 2007 წ.წ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექცია ტელეკომპანიაში „იმედი“.

ლევან ვეფხვაძე პროფესიით მათემატიკოსია, განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი) და დიდ ბრიტანეთში - სტრატკლაიდის ბიზნეს სკოლა, გლაზგოს უნივერსიტეტი - გლობალური ენერგომენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2014 – 2015) და ამავე უნივერსიტეტის რაოდენობრივი ფინანსების სამაგისტრო პროგრამა (2015 – 2016).

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წარმატებებს უსურვებს ლევან ვეფხვაძეს ახალ თანამდებობაზე და ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად განაგრძობს.